ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური აღმავლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება. ამასთან, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცედ არჩეულ უალტერნატივო სტრატეგიულ ხაზს, რომელიც კონფლიქტის ერთმნიშვნელოვნად მშვიდობიანი და პრაგმატული გზით მოგვარებაზე გადის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ნაბიჯები ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებაზეა ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და ძალისხმევა, რაც მიმართულია აფხაზ, ოს და ქართულ საზოგადოებებს შორის დიალოგის გაღრმავებისკენ. ჩვენ ვხედავთ ახლებური ხედვებისა და მიდგომების საჭიროებას და ამ მიმართულებით ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში.
ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი კუთვნილების კიდევ ერთი ცალსახა დასტურია ის ფაქტი, რომ ჩვენს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყანაში, თანასწორობისა და დემოკრატიის იდეებისა და პრინციპების რეალიზება ხელისუფლებას აყვანილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში, რასაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ათწლიანი სტრატეგია. ამ მიმართულებებზე დღევანდელი მსჯელობის შედეგად, ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად ცალსახად მნიშვნელოვანია გაერთიანებული ძალისხმევა და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.