პაატა ზაქარეიშვილი ნატოს კვირეულის ფარგლებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

4 ნოემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ნატოს კვირეულის ფარგლებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. პაატა ზაქარეიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესთან თამარ მედულაშვილან ერთად ნატოში ინტეგრაციის თემაზე უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანი სწორედ ნატოში ინტეგრაციაა, რაც რეფერენდუმის შედეგებმაც დაადასტურა.
„საქართველომ აირჩია ნატოში გაწევრიანების გზა და ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ნატო არის დემოკრატიული ღირებულებები, სტაბილურობა და უსაფრთხოება მისი წევრი სახელმწიფოებისთვის“, - აღნიშნა მან.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე
კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში.
„ჩვენ გვსურს, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დავანახოთ განსხვავება იმ პერსპექტივებში, რომლებსაც მათ სთავაზობენ ნატოს წევრი საქართველო და რუსეთი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთისგან მომდინარე შესაძლო გამოწვევებს, რუსეთთან ურთიერთობას და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებს ეხებოდა.