დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

7 დეკემბერი 2015
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელები.

სხდომაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგების, გაზიფიცირების, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები.

„დღევანდელი სხდომა განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო. კომისიის გადაწყვეტილებით, იმის მიუხედავად, რომ სოფლების გაზიფიცირება დასრულებულია, ვინაიდან მოსახლეობამ ვერ მოასწრო გათბობის სისტემების დამონტაჟება, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახები ზამთრის სეზონზე გათბობის საკითხის მოსაგვარებლად წელსაც მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერს. ასევე, გაგრძელდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება. რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხს, 9 სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილები დასრულებულია და პროექტებისთვის წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებულია 15 სოფელში. ყველა ამ ღონისძიების შედეგი არის ის, რომ მოსახლეობა, რომელიც 2008 წელს გავიდა ამ სოფლებიდან, თანდათანობით უკან ბრუნდება, რაც იყო სწორედ ჩვენი კომისიის შექმნის და მუშაობის მთავარი მიზანი“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.