მედიის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25 იანვარი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და სამომავლი პერსპექტივებზე ისაუბრა. მან მედიის წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, მათ შორის მედია, ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ რიგ საკითხებზე საჯაროდ საუბარი ზოგ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი, ამგვარი შეხვედრები იძლევა საშუალებას, ჟურნალისტებს მივაწოდოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ამასთან, ყოველთვის საინტერესოა მათი მოსაზრებების და კითხვების გაცნობა. ბევრ მათგანს ასევე აქვს გამოცდილება როგორც თემის გაშუქების, ისე აფხაზ და ოს კოლეგებთან ურთიერთობისა და ჩემთვის ეს გამოცდილება საინტერესოა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს იყო ორმხრივად სასარგებლო შეხვედრა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ კი შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე.
„ხშირად, ჟურნალისტები, ამგვარ არაფორმალურ გარემოში გაცილებით მეტ და სრულყოფილ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, ვიდრე ნებისმიერ პრესკონფერენციაზე. იმის მიუხედავად, რომ რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო საკმაოდ ცხარე დისკუსია გაიმართა, ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კონფლიქტის თუ პოსტკონფლიქტურ ზონაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, თითქოს, საკმაოზე მეტი ინფორმაცია მაქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ქეთევან ციხელაშვილთან საუბრისას, ყოველთვის არაერთ საინტერესო დეტალზე ვიღებ ინფორმაციას. ამდენად, ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და მიღებული ინფორმაცია მუშაობისას აუცილებლად გამომადგება’, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა.
შეხვედრაში ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.