ქეთევან ციხელაშვილი სამშვიდობო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

9 ივლისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის პანელის თემა იყო - ,,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება, რუსული ინტერვენციის მუქარა“.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეებს სრულად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

„დღეს გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ,,სამშვიდობო კონფერენცია“, რომელიც მასპინძლობს ბევრ აქტიურ ახალგაზრდას სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც ჩართულნი არიან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ინტერესდებიან იმ თემებით, რაც უკავშირდება კონფლიქტს, მშვიდობას და უსაფრთხოებას. ჩვენი მხრიდან მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და რაც მთავარია, იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, მთლიანად რეგიონი. ვისაუბრეთ რუსულ ოკუპაციაზე, მოუგვარებელ კონფლიქტებზე და გამოწვევებზე, რომელიც იქმნება ჩვენს გარშემო. საბოლოო ჯამში, მართლაც მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც ქმნის ჩვენი უსაფრთხოების რისკებს. დღეს ისე, როგორც არადროს მთლიანად ევროპას, კონტინენტს სჭირდება ერთიანობა.“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში და საუბარი შეეხო იმ გზების მოძიებას, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევბი.

კონფერენცია გაიმართა ორგანიზაცია ,,ევროპის ახალგაზრდა კონსერვატების“ ორგანიზებით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.