ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო თანასწორობის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

16 ნოემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტუდენტებს შეხვდა. მან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე “სამოქალაქო თანასწორობა - სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმართულებები განიხილა. მან აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

„ტოლერანტობა არის ჩვენი საზოგადოების საფუძველი, ჩვენი ქვეყანა არის მრავალფეროვანი, მრავალკულტურული და ეს არის ჩვენი ჩვენი სიმდიდრე, რაც ასახულია სახელმწიფო პოლიტიკაშიც. სასიამოვნოა დღეს სტუდენტებთან შეხვედრა. თქვენს შორის არიან პროგრამის „1+4“ მონაწილე სტუდენტები და თქვენ გაქვთ საშუალება სახელმწიფო ენის შესწავლასთან ერთად დაეუფლოთ სასურველ პროფესიას“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შემდეგი ღინისძიებები:

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს - 16 ნოემბერს გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიღებაზე გაიმართება ვიდეორგოლების ჩვენება ასოცირების ხელშეკრულებისა და განათლების საერთაშორისო პროგრამების შესახებ (ინგლისური დუბლირებით). ვიდეორგოლები ასევე, დუბლირებულია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აღნიშნული ვიდეორგოლები განთავსდება აპარატის ფეისბუქგვერდზე.

18 ნოემბერს გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტში. თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ ლექციას წაიკითხავს ექსპერტი ლევან ლორთქიფანიძე.

კვირეულს 20 ნოემბერს დახურავს მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც ბათუმში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი ) და ოზურგეთის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, სულ 90-მდე მონაწილე. წლევანდელი კონცერტი ფესტივალის ფარგლებში უკვე მეცამეტეა. ამჯერად ფესტივალი მსმენელს კლასიკური მუსიკის კონცერტის შესთავაზებს.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა გოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“. კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს გამოავლინა. საუკეთესო ფოტოების ავტორები მიწვეულნი იქნებიან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე. მათ USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება გამარჯვებული ფოტოები, აღნიშნული ფოტოების გამოყენებით ასევე, დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.