ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

16 ნოემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა.
მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. განსხვავებულია ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია,, მწრამსი. ეს ყველაფერი დიდწილად ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, ამიტომ ტოლერანტობა შესაბამისად ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს. ჩემთვის ტოლერანტობის, შემწყნარებლობის საუკეთესო ცოცხალი მაგალითი, უნიკალური ძეგლი ჩვენი დედაქალაქის შუაგულში, ძველი თბილისია. აქ ყველაზე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება მართლაც ჩვენი სიმდიდრეა. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება ძველი თბილისი, მეამაყება, როგორც ჩვენი ისტორიის დღევანდელობის და მომავლის სახე, როგორც იმ საქართველოს სიმბოლო, რომელიც მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის მძლავრ ტრადიციებზე დგას და მიისწრაფვის, ამ საძირკველზე დააშენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიღების გახსნისას და შეკრებილ საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ღონისძიებაზე გამოიფინა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებული ფოტოები. ფოტოების ავტორებს სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა სიგელები და USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ამავე ფოტოების გამოყენებით დაგეგმილია 2017 წლის სამაგიდო კალენდრების გამოცემაც.
მიღებაზე ასევე, გაიმართა ვიდეორგოლების ჩვენება ასოცირების ხელშეკრულებისა და განათლების საერთაშორისო პროგრამების შესახებ. აღნიშნული ვიდეორგოლები ასევე განთავსდება აპარატის Facebook გვერდზე.
ოფიციალური მიღება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 17 ნოემბერს შეხვედრა სტუდენტებთან ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ ლექციას წაიკითხავს ექსპერტი ლევან ლორთქიფანიძე.
კვირეულს 20 ნოემბერს დახურავს მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც ბათუმში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი ) და ოზურგეთის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, სულ 90-მდე მონაწილე. წლევანდელი კონცერტი ფესტივალის ფარგლებში უკვე მეცამეტეა. ამჯერად ფესტივალი მსმენელს კლასიკური მუსიკის კონცერტის შესთავაზებს.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.