ქეთევან ციხელაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

20 თებერვალი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობა.

ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმს არ აქვს არანაირი სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი, არ არის ხალხის ნების გამომხატველი და პროვოკაციული ნაბიჯია.

„ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, მეტიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია დინამიურად ნეგატიურია იმ თვალსაზრისით, რომ ხდება მილიტარიზაცია და სამხედრო სიმძლავრეების გაზრდა, მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო ქეთევან ციხელაშვილმა გერმანელ პარლამენტარებს ასევე, გააცნო საქართველოს მთავრობის მიდგომა და სამშვიდობო პოლიტიკის 8 მთავარი ამოცანა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომებისა და ინიციატივების მიზანი ხელოვნური დაბრკოლებების პირობებში ადამიანების მდგომარეობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გერმანიის, როგორც აქტორის როლზე, პროცესში ევროსაბჭოსა და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობაზე.