ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, აღმოსავლეთით ყაზბეგსა და დუშეთს, სამხრეთით - კასპს, გორს, ქარელსა და ხაშურს, დასავლეთით - საჩხერესა და ონის რაიონებს.

ფართობი შეადგენს 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 პროცენტი). თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, რუსეთის მიერ რეგიონის მიმდებარედ განხორციელდა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია. ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოთხი ადმინისტრაციული რაიონია: ზნაურის, ახალგორის, ცხინვალისა და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი).

ისტორიულად, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დასახლებული იყო ეთნიკური ქართველებით, ოსებით, სომხებით, ებრაელებით და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებით. ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად ოდითგანვე გვევლინება ქართულ-ოსური შერეული ოჯახების მრავალრიცხოვნობა, რომელიც არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც ფართოდ არის წარმოდგენილი. 1989 წლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 98 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 66% ეთნიკურად ოსი, ხოლო 29% ეთნიკურად ქართველი იყო.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროს მომზადებული ნიადაგი, რომლის ძირითად მეთოდოლოგიას წარმოადგენდა ეთნიკური დაპირისპირების ინსპირირება და გაღვივება საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში შექმნილ ავტონომიებში, ასევე ადგილობრივი სეპარატისტულად განწყობილი ელიტის ჩამოყალიბება, და 1991 წლის იანვარში მოახდინა შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება.

1992 წლის ბოლოდან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მუშაობა დაიწყო ეუთო-ს მისიამ საქართველოში. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასამდე, ხოლო უგზოუკვლოდ დაიკარგა ასამდე ადამიანი. დაახლოებით 70-80 ათასამდე ადამიანი გააძევეს საცხოვრებელი სახლებიდან. რეგიონი ფაქტობრივად დაცარიელდა. დღეის მდგომარეობით, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 15-20 ათასს შეადგენს.

შექმნილ ვითარებაში რუსეთმა მოახერხა თავის მიერვე ინსპირირებულ კონფლიქტში "შუამავლისა" და "მშვიდობისმყოფლის" როლი ეკისრა. 1992 წლის 24 ივნისს რუსეთის შუამდგომლობით გაფორმებული (სოჭის) ხელშეკრულებით რეგიონში განლაგდა შერეული სამშვიდობო ძალები (რუსული, ქართული და ოსური შემადგენლობით) და შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე რთულად მაგრამ მაინც ფუნქციონირებდა სამშვიდობო ფორმატები, რომლის ფარგლებში საერთაშორისო თანამეგობრობის (ევროკავშირი, ეუთო) დახმარებით ხორციელდებოდა რეგიონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა არაერთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას, ხელისუფლების გადანაწილებას, ეკონომიკურ განვითარებას, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს და ჩართულობას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთმა ფაქტობრივად ჩაშალა ყველა სამშვიდობო გეგმის იმპლემენტაცია. პარალელურად რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდებოდა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაცია, რაც დადასტურდა საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (ე.წ. ტალიავინის კომისიის) მიერ მომზადებული ანგარიშით, ძლიერდებოდა სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი და საგრძნობლად მატულობდა ძალადობის შემთხვევები.

საბოლოოდ, მანამდე არსებული "გაყინული კონფლიქტი" 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ოკუპაციამ ჩაანაცვლა, რომელიც დაიწყო ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ხოლო რუსეთის მიერ მისი მეორე ფრონტი გახსნილი იქნა ასევე აფხაზეთის მიმართულებითაც. ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაიწვა და მთლიანად განადგურდა ორმოცდაათამდე ქართული სოფელი. ამ ტერიტორიებზე, მათ შორის ახალგორის რაიონზე, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. საკუთარი სახლებიდან გააძევეს და ეთნიკური წმენდა განახორციელეს 130 ათასამდე, ძირითადად ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ. მათგან 26 ათასი, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და მიმდებარე რაიონების მაცხოვრებლები დღემდე დევნილობაში რჩებიან. დღევანდელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს.

საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდა, რაც გამყარებულია ევროპარლამენტის 2011 წლის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008-2009 წლების და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის რეზოლუციებით, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი ანგარიშით.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაართულა სამშვიდობო პროცესი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა "საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია" (ე.წ. "ტალიავინის კომისია"). მისიამ 2009 წლის სექტემბერში წარადგინა ანგარიში, რომელშიც მოცემულია კონფლიქტის ქრონოლოგია, შეფასებები და კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა მასალები.

ამჟამად, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი სრულიად თვითიზოლირებულია გარე სამყაროსგან. ინტენსიურად მიმდინარეობს რუსი სამხედრობის მიერ მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, მათ შორის უშუალოდ მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე. ამგვარი პროცესი მნიშვნელოვნად აფერხებს და რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობას, სასმელ და სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობას, სასაფლაოებზე შესვლას და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებებით სარგებლობას, ხშირია ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავების შემთხვევები. ყოველივე ზემოთქმული კიდევ უფრო აუარესებს მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისათვის.

ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები, რითაც ირღვევა ევროკავშირის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს სამხედრო ძალების უკან, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას. რუსეთის ფედერაციის უკანონო გადაწყვეტილებას ცხინვალის რეგიონისა/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხარს უჭერს მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად ტუვალუმ და ვანუატუმ უკან წაიღო აღიარების გადაწყვეტილება. ამჟამად, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ორასამდე სამოქალაქო დამკვირვებლის საშუალებით, უზრუნველყოფს საქართველოსა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებაზე მეთვალყურეობას. თუმცა, დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალები ევროკავშირის მისიას საშუალებას არ აძლევს შევიდეს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის შიგნით და სრულად განახორციელოს მანდატი.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ ინარჩუნებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკას. საქართველო და რუსეთი, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რეგულარულად განიხილავენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში, ისევე როგორც პარტნიორ-სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს დელეგაციის მიზანია განამტკიცოს ძალისხმევა, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების სრულად შესრულებისა და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების მისაღწევად. გაგრძელდება მუშაობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მიღწევის, აგრეთვე ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მოშლის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამასთან, 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულება, რაც კიდევ უფრო გაამყარა 2013 წლის მარტში პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი ყველა სახის სამშვიდობო ფორმატმა, მათ შორის ეუთო-ს მისიამ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. 2008 წელს ნათლად გაცხადდა რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის როლი. საპასუხოდ, საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". კანონმა განსაზღვრა იმ ტერიტორიების სტატუსი, რომელთა ოკუპაცია რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად განხორციელდა და დაადგინა ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ითვალისწინებს კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის დაახლოებისა და ურთიერთნდობის პროცესის ხელშეწყობას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2010 წელს მიიღო სახელმწიფო სტრატეგია "ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით", რომლის განხორციელებისთვის იმავე წელს დამტკიცდა "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა". სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველა იმ სარგებლისა და შეღავათის უზრუნველყოფას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰუმანიტარულ, სოციალურ საკითხებსა და ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისებაზე.

ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის პრინციპებს წარმოადგენს კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარება, პირდაპირი დიალოგის შეთავაზება ოსური და აფხაზური საზოგადოებისათვის, ნდობის აღდგენა, შერიგება და პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელება. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები პირველადი ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად და ნდობის აღსადგენად (მაგ. ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სასმელი და სარწყავი წყლის აღდგენა და სხვ.). ამასთან, აქტუალურ საკითხებად რჩება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, არაღიარების პოლიტიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.

2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი პოლიტიკით ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის, ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება და შესაბამისად, ყველა ის სიკეთე, რაც მისგან მომდინარეობს, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს მიზანია, ააშენოს ერთიანი, ევროპული, ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროპული ფასეულებისა და ინსტიტუტებისაკენ, შექმნის თანაბრად ხელმისაწვდომ სარგებელს ყველა მოქალაქისათვის და ოსურ და აფხაზურ საზოგადოებას შეუქმნის დაცულობის ევროპულ გარანტიებს.