რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა


საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სახელმწიფო სტრატეგიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით და შესაბამის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები იმ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პაციენტებს წამყვან კლინიკებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უსასყიდლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობის გაწევის მიზნით, საჭიროა შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის აპარატისათვის შემდეგი საბუთების მიწოდება (როგორც ელექტრონულად, ასევე ხელზე მოტანით):
• ფორმა 100;
• სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაცია;
• ე.წ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
• განცხადება სახელმწიფო მინისტრის სახელზე (შესაბამისი საჭიროების აღწერით).
კვირაში ერთხელ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმართება „რეფერალური მომსახურების“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა. კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს განმცხადებლის დაფინანსების შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ტრანსპორტირების საჭიროებისას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და რეჟიმის დეპარტამენტს“ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს კატასტროფის ჯგუფის მიერ პაციენტის რეფერალს შესაბამის სამედცინო დაწესებულებაში.