გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 51-ე შეხვედრა გაიმართა 29.11.2017

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, გამყოფი ზოლის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, ხურჩა-ნაბაკევის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი - ეს თემები განიხილებოდა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სამუშაო ჯგუფების 51-ე შეხვედრაზე.

გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 17 იანვარს  გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა  წარმოადგენს.

IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.