ლაშა დარსალია : „მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და განვითარდეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები და კულტურა." 04.12.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

შეხვედრას, რომელიც ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და  საქართველოში არსებული თითოეული კონფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოების მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მრავალფეროვნება ტრადიციულად მოჰყვება.

„სწორედ ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუხედავად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხაზს უსვამს ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულებას - რომ  მრავალფეროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მან უნდა განაპირობოს ქვეყნის განვითარების გზა.

„როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ ერთის მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უმცირესობების ჩართვა და  სრული ინტეგრაცია  ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და განვითარდეს ის ტრადიციები და კულტურა, რომელიც ჩვენს უმცირესობებს აქვთ,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეხვედრაზე, რელიგიების კონფესიათა წარმომადგენლებმა მათ წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს  და  გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.