ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შეხვდა 03.10.2018

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ენდრიუ შოფერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს და ჟენევის დისკუსიებში მონაწილე აშშ-ის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა ისაუბრეს  მომდევნო რაუნდის დღის წესრიგსა და მასზე განსახილველ ჰუმანიტარული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. შეაჯამეს განვლილ რაუნდებზე მიღებული შედეგები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს  სოფელ ბობნევიდან გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და გააცნო ის სამუშაოები, რასაც  სახელმწიფო მის გამოსახსნელად 24 საათიან რეჟიმში ასრულებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 9-10 ოქტომბერს გაიმართება.