ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს იეზიდ მოსახლეობას კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს ულოცავს 13.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს იეზიდ მოსახლეობას კლოჩე სარე სალეს დღესასწაული მიულოცა.

„მინდა ჩვენს იეზიდ თანამოქალაქეებს მივულოცო გაზაფხულის მომასწავებელი  დღესასწაული - კლოჩე სარე სალე და თითოეული მათგანის ოჯახს სიმშვიდე, დოვლათი და ბედნიერება ვუსურვო. ამ დღეს სიკეთე და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი საერთო სამშობლოსათვის,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„კლოჩე“ ნამცხვარს ნიშნავს, ხოლო „სარე სალე“ – წლის დასაწყისს. ამ დღესათან დაკავშირებით ეზიდთა ოჯახებში კლოჩს, ანუ საახალწლო ნამცხვარს აცხობენ, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული, დილით კი ნამცხვარი შვიდი წმინდანის და ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, ეზიდებს სჯერათ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება, ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იყო, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.