„დღევანდელ დღეს ამ ოჯახებისათვის ორი რამ ახლავს - განახლებული ტკივილი, მაგრამ ერთგვარი შვებაც, რადგან მათ ეცოდინებათ ახლობლების საფლავი“ 15.03.2019

1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 ადამიანი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, ერთი კი, ოჯახის გადაწყვეტილებით , ჩოხატაურში.

გადასვენების პროცესს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრო, რომელმაც ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ოჯახები უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების ბედის გარკვევას 26 წელი ელოდნენ.

„მოგეხსენებათ, ბოლო  9 წელია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, ქართულ-აფხაზური კომისია ფუნქციონირებს  და ძალიან ბევრმა ოჯახმა მიიღო ერთგვარი შვება იმ გაუნელებელი ტკივილის ფონზე, რაც ახლობლის დაკარგვას უკავშირდება. ამ ეტაპზე 12 პირის ნეშტი იქნა გადმოსვენებული. მათ პატივი უნდა მივაგოთ და მიწას მივაბაროთ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის, რადგან ის ტკივილი, რაც 90-იან წლებს უკავშირდება, ყველას გვტკივა. ბევრი ოჯახისათვის ეს დღესაც გამოწვევაა - მიმდინარე ოკუპაცია, დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან - ეს ყველაფერი საუბედუროდ ჩვენი რეალობის  ნაწილია და რაც მთავარია სიცოცხლეები, რომლებიც კონფლიქტს შეეწირნენ.

„პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს - უგზო უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გაცვლის, ძალიან მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობისაა. აფხაზური მხარე ამაში თანამშრომლობს და ნამდვილად არის განცდა და გაგება იმისა, რომ ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა. ამიტომ ამ პროცესს ეთნიკურობა არ გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან პროცესში ჩართულ ადამიანებს, პირველ რიგში კი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულ პირს, აფხაზური თუ ქართული მხრიდან, დიდი წვლილი შეაქვს  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაში, გადმოსვენებასა და იდენტიფიცირებაში.

„მადლობას ვუხდი, რადგან დღევანდელ დღეს ამ ოჯახებისათვის ორი რამ ახლავს - განახლებული ტკივილი, მაგრამ ერთგვარი შვებაც, რადგან მათ ეცოდინებათ ახლობლების საფლავი“, - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.

12 ადამიანის იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით,  ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.