რუსლან აბაშიძე უკრაინის სახელმწიფო სტრუქურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა 23.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ  უკრაინის სახელმწიფო სტრუქურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  შეხვდა.

სასწავლო ვიზიტის მიზანია საქართველოს გამოცდილების გაცნობა და გაზიარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული სიტუაცია იყო. რუსლან აბაშიძემ სტუმრებს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და გადაადგილების შეზღუდვაზე მიაწოდა.

შეხვედრაზე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრეს. იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე.

დეტალურად მიმოიხილეს  მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინიციატივა ამჟამად უკვე ინპლემენტაციის პროცესშია.

საუბრის თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმიც იყო. მხარეებმა იმსჯელეს ფორმატის ეფექტიანობასა და მიმდინარეობაზე. ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.