„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს“ 09.08.2019

„საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმ განცხადებებით, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, ჩვენმა პარტნიორებმა ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს,“ – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან მე-11 წლისთავზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებას.

სახელმწიფო მინისტრის თქმით,  განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ მიზნებისათვის, რომლისკენაც საქართველო  მშვიდობიანად და  თანმიმდევრულად მიისწრაფვის.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მათ შორის დღეს არსებულ ვითარებაზე, იმ შედეგებზე, რომელიც 2008 წლის ინტერვენციისა და  მიმდინარე ოკუპაციის შედეგად დადგა. ვფიქრობ ასევე  განსაკუთრებით ხაზგასასმელი გზავნილია ის, რომ მათ კიდევ ერთხელ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არ აღდგება.

„ჩვენ ეს პროცესი ცალსახად მშვიდობიანად წარმოგვიდგენია. საქართველოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება ვინმეს გასაღიზიანებლად. ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, საზოგადოება, არავის წინააღმდეგ არ ვართ, არც რუსეთის, ცხადია. თითოეული მისწრაფება საზოგადოების არჩევანია და გზა იმისკენ, რომ ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ. სულ ესაა. ვფიქრობ, რომ ეს კარგად უნდა იქნას გაცნობიერებული. კიდევ ერთხელ მინდა იმის ხაზგასმა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა და პატივისცემა გვესმის როგორც მეზობლების სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემა და რა თქმა უნდა, მომავალშიც საბაზისოდ ამ  პრინციპს განვიხილავთ.

„რაც შეეხება ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, აქ არა მხოლოდ მზაობა და შეთავაზებები გვაქვს საუბრისა, ცხადია აპოლიტიკურად, არამედ კონკრეტული სფეროები, რის გარშემოც შეიძლება წარიმართოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი. ამ მიმართულებით მუშაობას ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. მთავარია, ამას ხელი არ შეეშალოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მხარდამჭერი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.

„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად.

„და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს“, - ნათქვამია განცხადებაში