ქეთევან ციხელაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა 23.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან  ციხელაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის  შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა გამყოფი ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო სოფელში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე უკანონო მავთულხლართების გავლების პროცესი. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ყველაფრის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ახალუბნიდან გატაცებული რვა ახალგაზრდის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელთაც გამყოფი ხაზების პირას მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სახელმწიფოს მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების განვითარებისა და მოსახლეობის დახმარებისაკენაა მიმართული. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს სამშვიდობო პროცესში გაეროს მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა  ამ მიმართულებით ჩართულობის გაძლიერებისა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.