„ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მავთულხლართების მიუხედავად, აღვადგინოთ ნდობის ხიდები და წავახალისოთ თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო“ 10.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბროკ ბირმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. ასევე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს, რომელთაც მათ ოკუპაცია უქმნის. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს.  სახელმწიფო მინისტრის თქმით, მოსახლეობის  მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაში. დღეს ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე სწორედ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და გეგმებზე, რომლებიც მათთან გვაქვს. კერძოდ, იმ ადამიანების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც კონფლიქტით ყველაზე მეტად ზარალდებიან. ესენი არიან გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ოკუპაციას უმკლავდებიან.

„ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში იმ მზარდი ინტერესის საპასუხოდ, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და ყველა ამ ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მავთულხლართების მიუხედავად, აღვადგინოთ ნდობის ხიდები და რაც მთავარია, წავახალისოთ თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.