„აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისაკენ, ნდობის დაბრუნებისა და თანამშრომლობისაკენ“ 27.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად,  საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა და მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა, ტკივილი ისევ ცოცხალია.

„ამ დღემ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებას წარუშლელი დაღი დაასვა. აქ არიან შვილმკვდარი დედები და დედები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილებს ჯერ კიდევ ეძებენ. ათასობით ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა კონფლიქტმა, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. შეიწირა სამოქალაქო მოსახლეობა როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს.

„დღეს ისე, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ ეს ჩვენი ყველას საერთო ტრაგედია და ტკივილი იყო. სოხუმი დაეცა და აღარასოდეს გამხდარა ისეთი, როგორიც მანამდე იყო. დღეს მთლიანად აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებული და ხელოვნური ბარიკადებით ფაქტობრივად იზოლირებულია. იქ მცხოვრები ადამიანებისათვის მდგომარეობა მძიმეა. მოგეხსენებათ, 300 ათასამდე ადამიანია დევნილობაში, რომელმაც უმძიმესი გზა გამოიარა. ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ელოდებიან და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.

„დღეს მინდა ამ ტკივილით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოიტანა ამ ყველაფერმა -  კონფლიქტმა, წლებმა, ოკუპაციამ და გავაცნობიეროთ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნათელია და საჭიროც, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ. აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისაკენ, ნდობის დაბრუნებისა და თანამშრომლობისკენ. სულ მცირე, ეს მშვიდობისათვის არის აუცილებელი და აუცილებელია ასევე იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, აღარასოდეს იხილონ ის, რაც ათასობით გაუბედურებულმა ადამიანმა გაიარა“, -  განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.