ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა 18.11.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით ახალგორის რაიონში და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.  საუბარი შეეხო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების საკითხს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

მხარეებმა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმოიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ხაზი გაესვა ავსტრიის, როგორც მეგობარი ქვეყნის როლს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში. აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები და ნაბიჯები.