ქეთევან ციხელაშვილი გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრებს შეხვდა 03.02.2017

სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრებს შეხვდა.

გენდერული თანასწორობის ჯგუფის მთავარი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების შედეგების და ოჯახში ძალადობის შესახებ.

„ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღეში დაიწყებენ მუშაობას ქვემო ქართლსა და კახეთში მოხალისეობრივ საფუძველზე. ისინი შეხვდებიან მოსწავლეებს, მშობლებს მასწავლებლებს, მიაწვდიან მათ ინფორმაციას, თუ რა უფლებები აქვთ ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად. ეს ადამიანები ემსახურებიან ძალიან ღირსეულ საქმეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ჭანტურია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ სირბილაძე.


გენდერული თანასწორობის 10 მობილურ ჯგუფში ჩართულია 10 აზერბაიჯანულენოვანი და 10 ქართულენოვანი ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს ტრენერთა ტრენინგები ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების თაობაზე. ამ ეტაპზე მობილური ჯგუფის წევრები შეხვედრებს გამართავენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით.