ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა 09.03.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა და მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის ფაქტზე.

„ამ გადასასვლელების დახურვით კიდევ უფრო დამძიმდა ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ეს ახალი შეზღუდვა მიმართულია არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თავისუფლება არა თუ კიდევ უფრო შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს და ადამიანებს ყოველდღიური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის მიმოსვლა, მათ შორის მოსწავლეებს სკოლებში მისვლა თავისუფლად შეეძლოთ, ვიფიქროთ ჰუმანიტარულ გამოსავლებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 28-29 მარტს გაიმართება.