ქეთევან ციხელაშვილი ბაქოში კულტურათა დიალოგის მეოთხე მსოფლიო ფორუმს ესწრება 05.05.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს კულტურათა დიალოგის მეოთხე მსოფლიო ფორუმში.
წლევანდელი ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატრონაჟით, იუნესკოს, გაეროს ცივილიზაციის ალიანსის, მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით 5-6 მაისს იმართება. მეოთხე მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ახალი გზები უსაფრთხოების, მშვიდობის და მდგრადი განვითარებისთვის.“ მასში მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალური დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ქეთევან ციხელაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ქართულ დელეგაციასთან, კულტურის მინისტრსა და საგარეო მინისტრის მოადგილესთან ერთად გაემგზავრა.
კულტურათა დიალოგის მსოფლიო ფორუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი უკვე მეოთხედ მასპინძლობს.